საქართველოს ძიუდოს ფედერაცია - ტატალაშვილს საემიროებში გადასვლაზე უარი ვუთხარით
საქართველოს ძიუდოს ფედერაცია - ტატალაშვილს საემიროებში გადასვლაზე უარი ვუთხარით

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ სპორტსმენ ნუგზარ ტატალაშვილის არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გადასვლასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. პირველი არხი განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ –

„დღეს გავრცელდა ინფორმაცია სპორტსმენ ნუგზარ ტატალაშვილის არაბთა გაერთიანებულ საემიროში გადასვლასთან დაკავშირებით. საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია

ადასტურებს, რომ მათი მხრიდან იყო მოთხოვნა აღნიშნული სპორტსმენის მათი დროშის ქვეშ გამოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენი მხრიდან ერთმნიშვნელოვნად იქნა ნათქვამი უარი, გამომდინარე იმ დებულებიდან, რომელიც მიღებული აქვს საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის აღმასრულებელ კომიტეტს 2013 წლის 23 მაისს:

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის დებულება ძიუდოისტთა სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლასთან დაკავშირებით – საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები გუნდის წევრს, რომელიც მოისურვებს სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლას, მინიმუმ ორი წლის განმავლობაში ეთქვას უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ნაკრები გუნდის წევრად განისაზღვროს სპორტსმენი, რომელსაც ერთხელ მაინც მიუღია მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირზე სახელმწიფოს დაფინანსებით. აღნიშნული წესი ძალაში შევიდეს 2013 წლის 23 მაისიდან. რაც შეეხება სხვა დანარჩენ შემთხვევებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ დრომდე, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომი იტოვებს უფლებას ინდივიდუალურად განიხილოს საკითხი თითოეულ სპორტსმენთან მიმართებაში.“

შესაბამისად ვებ-პორტალ judoinside-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ნუგზარ ტატალაშვილის საემიროებში გადასვლასთან დაკავშირებით ბოლომდე სიმართლე არ აღმოჩნდა.