საქართველოს დროშით ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ოთხი სპორტსმენი იასპარეზებს

წელს ზამთრის ოლიმპიადა კორეაში, ქალაქ პიონჩანგში გაიმართება. მასშტაბურ ტურნირზე საქართველოს ოთხი სპორტსმენი სამ სახეობაში წარმოადგენს:

ფიგურული ციგურაობა – მორის ყვითელაშვილი

მორის ყვითელაშვილი მოსკოვში, 1995 წლის 17 მარტს დაიბადა და კარიერის პირველ ეტაპზე საერთაშორისო ტურნირებზე რუსეთის სახელით გამოდიოდა.

2016 წლის სეზონის პირველ ღონისძიებაზე (სანტა კლაუსის თასი) მან უკვე საქართველო წარადგინა და ოქროს მედალი მოიპოვა.

საქართველოს სახელით მორისმა უკვე 8 ტურნირში მიიღო მონაწილეობა.

მსოფლიო ჩემპიონატზე მან მე-13 ადგილი დაიკავა. მე-6 ადგილზე გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. გრანპრის სერიაზე საფრანგეთში მორისი მე-6 ადგილზე გავიდა, ხოლო “როსტელეკომის” თასზე მე-5 ადგილი დაიკავა. აგრეთვე, მან საპრიზო ადგილები „გოლდენ სპინზე“, „მინსკ არენა აის სტარზე“ და „საერთაშორისო ჩელენჯ თასზე“ მოიპოვა.

 

იასონ აბრამაშვილი – სამთო სათხილამურო სპორტი

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი

იასონ აბრამაშვილი (დ/თ: 26/04/1988) ბაკურიანელი მოთხილამურეა, რომელმაც საქართველო 2010 წლის ოლიმპიადაზე, ვანკუვერში, სლალომში და გიგანტურ სლალომში წარმოადგინა. იგი სოჭშის ოლიმპიადაზეც  საქართველოს სახელით ასპარეზობდა. კანადაში მან გიგანტურ სლალომში 46-ე ადგილი დაიკავა, ხოლო სოჭის ოლიმპიადაზე სლალომში 22-ე ადგილზე გავიდა.

იასონი, 2010 წელს, ქართული დელეგაციის მედროშე 2010 იყო.

 

ნინო წიკლაური – სამთო სათხილამურო სპორტი

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი

ნინო წიკლაური (01.07.1993) 2014 წელს სოჭში გამართულ ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციის მედროშე იყო.

2018 წლის თებერვალში, იტალიის სამთო კურორტ დობიაკოში სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (FIS) ეგიდით სამთო თხილამურებში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომელზეც ნინომ საპრიზო, მე-3 ადგილი დაიკავა.

2010 წლის ოლიმპიადაზე ნინომ სლალომში 50-ე ადგილი დაიკავა. 2014 წელს იგი სოჭში, გიგანტურ სლალომში 49-ე ადგილზე გავიდა.

 

გიორგი სოღოიანი – ციგა

 

გიორგი სოღოანმა (დ/თ: 07.08.1997) 2015 და 2017 წლებში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა. 2015 წელს მან 25-ე ადგილი დაიკავა, ხოლო 2017-ში კი მე-19. მსოფლიო თასის რეიტინგში იგი 55-ე ადგილზეა.

პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიადა მისთვის პირველი ოლიმპიური გამოცდილება იქნება.