საქართველოს დრიფტის სერიები ნოდო კოდუას გამარჯვებით დასრულდა
საქართველოს დრიფტის სერიები ნოდო კოდუას გამარჯვებით დასრულდა

პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე წელს საქართველოს დრიფტის სერიები სამ ეტაპად ჩატარდა. მესამე ფინალური ეტაპი მთელი დღის განმავლობაში, მახათას მთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა და მასში ათი პროფესიონალი ავტომრბოლელი მონაწილეობდა.

ორი ეტაპის შემდეგ სამ ავტომრბოლელს შორის, ფაქტობრივად, ქულათა თანაბარი რაოდენობა იყო, ამიტომ ამ ეტაპის გამარჯვებული ჩემპიონატის გამარჯვებულიც ხდებოდა. ფინალურ დაპირისპირებაში ნოდო კოდუამ თავის მწვრთნელ მევლუდ მელაძეს არაფერი დაუთმო და დამაჯერებელი ჩემპიონობა მოიპოვა. ასევე მან ერთ-ერთი გავლისას საქართველოს დრიფტ შეჯიბრების ისტორიაში უპრეცედენტო შეფასება – 99 ქულა მიიღო.

მესამე ეტაპის ბრინჯაო ავტომრბოლელმა, გუგა კირვალიძემ დაისაკუთრა, რადგან ჩემპიონატის ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე ხეროდინაშვილმა მანქანის გამართვა ვეღარ მოახერხა და ნახევარფინალურ დაპირისპირებას გამოეთიშა. საერთო ჯამში ჩემპიონატის ლიდერთა სამეული ასე გამოიყურება : პირველი ადგილი – ნოდო კოდუა 268 ქულა. მეორე ადგილი – მევლუდ მელაძე 244 ქულა. მესამე ადგილი – ალექსანდრე ხეროდინაშვილი 227 ქულა.

დრიფტი ავტოსპორტის ყველაზე სანახაობრივი მიმართულებაა, რომელსაც მაყურებლის დიდი რაოდენობა სტაბილურად ესწრება, ამიტომ ორგანიზატორების გადაწყვეტილებით მაყურებელი დაიშვა და მახათის მთის მიმდებარე ტერიტორია თითქმის შეივსო. ასევე მიმდინარეობდა Live ტრანსლაცია, რომელსაც საერთო ჯამში 70 000 ამდე მაყურებელი ჰყავდა და ყოველი საათის განამვლობაში ჩართულობა იზრდებოდა. შეჯიბრება საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით და BMW Club Georgia-ს ორგანიზებით მიმდინარეობდა. ღონისძიების გამარჯვებულებს სოლიდურ პრიზები გადაეცათ.