2020 წელს პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე დრიფტის ჩემპიონატი სამ ეტაპად ტარდება. მესამე ფინალური ეტაპი 21-22 ნოემბერს 14:00 საათიდან მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება და მასში 30-ზე მეტი პროფესიონალი ავტომრბოლელი მიიღებს მონაწილეობას.
პირველი ეტაპი ხონის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ მოედანზე ჩატარდა და ნოდარ კოდუას გამარჯვებით დასრულდა. მეორე ეტაპი უპრეცედენტოდ, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე – დიდგორის ბრძოლის მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა და მევლუდ მელაძის გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ხეროდინაშვილი ორივე შეჯიბრში მეორე ადგილზე გავიდა, რის გამოც მას ყველაზე მეტი ქულა აქვს და ჩემპიონატის ლიდერია. ამ სამ მრბოლელს შორის განსხვავება ქულებში მინიმალურია, რის გამოც ფინალურ ეტაპზე კონკურენცია პიკს მიაღწევს და გაცილებით სანახაობრივი იქნება ვიდრე წინამორბედი ეტაპები.
დრიფტი ავტოსპორტის ყველაზე სანახაობრივი მიმართულებაა, რომელსაც სტაბილურად მაყურებლის დიდი რაოდენობა ესწრება, ამიტომ ორგანიზატორების გადაწყვეტილებით მაყურებელი დაიშვება მხოლოდ პირბადით და დისტანციის დაცვით. ღონისძიებას საერთაშორისო მსაჯთა კოლეგია აფასებს, ლიცენზირებულია საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მიერ და ტარდება BMW Club Georgia-ს ორგანიზებით. ღონისძიების მიზანია აღკვეთოს ქუჩის სახიფათო რბოლები. გამარჯვებულები სოლიდური პრიზებით დაჯილდოვდებიან.