საქართველოს ჟურნალისტთა ნაკრები ლიეტუვაში საერთაშორისო მედიატურნირზე ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს ჟურნალისტთა ნაკრები ფეხბურთში საერთაშორისო მედიატურნირზე ითამაშებს, რომელიც ლიეტუვის საკურორტო ქალაქ დრუზკინინკაიში 22-24 სექტემბერს გაიმართება.
გუნდი, რომელიც სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ჩამოყალიბებულია, ბალტიისპირეთში 21 სექტემბერს გაემგზავრება. ვის და როდის შეხვდებიან ჯგუფში, ჯერ უცნობია, რადგან წილისყრა მოგვიანებით გაიმართება.
ცნობილია, რომ ტურნირზე მთავარი პრიზისთვის რვა გუნდი იბრძოლებს. საქართველოსა და ლიეტუვის გარდა, მასპინძლებმა მიიწვიეს: უნგრეთის, პოლონეთის, ლატვიის, მოლდოვის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მედიანაკრებები. სამწუხარო ფაქტია, რომ გათამაშების მუდმივი მონაწილე უკრაინა ომის გამო ვერ ითამაშებს.
ბოლოს ჩვენმა გუნდმა ტურნირზე სამი წლის წინ იასპარეზა და ჩემპიონი გახდა. კორონავირუსის გამო ორი წელი საერთაშორისო თასი არ გათამაშებულა, შარშან კი საქართველოს მასში მონაწილეობა არ მიუღია. წელს პრობლემები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით მოგვარდა.
საქართველოს მედიანაკრები ოქტომბერში კოტე მახარაძის საერთაშორისო თასზეც ითამაშებს, რომელსაც 27-30 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს და მთავარი პრიზისთვის 10 გუნდი იბრძოლებს.