საქართველოს დელეგაცია ჩინეთის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრს შეხვდა

15:28, 10.11.2026

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს დელეგაციამ მაღალი დონის შეხვედრა გამართა ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტში.

ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ქართული მხარე საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრს, მა ჰუის შეხვდა.

მხარეებმა საუბრის დასაწყისში კიდევ ერთხელ დაუდასტურეს ერთმანეთს საქართველოსა და ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერა.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩინეთის მმართველი პარტიის დიდ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ. ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობა ახალ, სტრატეგიულ ეტაპზე გადავიდა, გავაღრმავეთ პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები, რაც საშულებას გვაძლევს კიდევ უფრო მჭიდრო და შინაარსიანი გახდეს ურთიერთობა ჩვენს ხალხებს შორის. გლობალურ პოლიტიკაში ამ ეტაპზე ბევრი მძაფრი გამოწვევაა, მათ შორის ომი უკრაინასა და რთული ვითარება ახლო აღმოსავლეთში. ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მშვიდობის მომხრე ორი სახელმწიფოს, ჩინეთისა და საქართველოს პარტნიორული ურთიერთობა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე მინისტრმა, მა ჰუიმ აღნიშნა, რომ ჩინური მხარისთვის საქართველოსთან ურთიერთობები ღირებულია.

„მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დელეგაციას პეკინში. საქართველოსა და ჩინეთის მეგობრობა, ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობები მეტად ღირებულია ჩვენი ხელისუფლებისათვის. საქართველო, როგორც აბრეშუმის გზის საკვანძო ნაწილი, უდიდეს როლს ასრულებს ცენტრალური აზიისა და ევროპის კონტინენტის დაკავშირებადობის საკითხში. სიამოვნებით გავიხსენებ ბატონი ირაკლი კობახიძის ვიზიტს 2024 წლის იანვარში, როდესაც ის პარტიის თავმჯდომარე იყო, თუმცა მალევე დაიკავა პრემიერის პოზიცია და განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნების მეგობრობის გაღრმავებაში. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას. როგორც იცით, შემდეგ წელს საქართველოსა და ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობის დაწყებიდან 35 წელი სრულდება და მოდით, ეს თარიღი აღვნიშნოთ განსაკუთრებულად“, – განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე მინისტრმა, მა ჰუიმ.

მსგავსი