საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში ვიზიტისას არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტსა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებს
საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში ვიზიტისას არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტსა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებს

ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტი და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხები ბრიუსელში საქართველოს დელეგაციის წევრების მიერ გამართულ შეხვედრებზე მთავარი განსახილველი თემები იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ბელგიაში გამგზავრების წინ განუცხადა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბრიუსელში დღეს დილით გაემგზავრა.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე ევროპარლამენტარების მხრიდან ყურადღების გამახვილება.

„ჩვენთვის ამ ვიზიტის ძირითადი დანიშნულება იყო და არის, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტის თანამშრომლობა ევროპარლამენტთან და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების კუთხით, თუმცა, ბუნებრივია, ჩვენ ამ ვიზიტს და მათ შორის, დამატებით ორმხრივ შეხვედრებს ევროპარლამენტარებთან გამოვიყენებთ ორ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ყურადღების გამახვილებისთვის: ჩვენი მოქალაქე, რომელიც დაიღუპა გაურკვეველ ვითარებაში და როგორც ჩანს, საკმაოდ მძიმე ვითარებაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე და კიდევ ორი პირი არის დაკავებული. ამიტომ ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება ევროპარლამენტარების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას, თამარ ჩუგოშვილის თქმით, უვიზო რეჟიმს არაფერი ემუქრება, თუმცა მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეები პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ აღნიშნულ შეთანხმებას.

„მეორე თემა, რომელზეც რა თქმა უნდა, ბუნებრივია, გვექნება საუბარი, არის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. დარწმუნებული ვარ, არაფერი ემუქრება უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, თუმცა ამაზე კიდევ ერთხელ გვექნება საუბარი ჩვენს ევროპელ კოლეგებთან. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა შეძლებს, ის მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელიც უვიზო მიმოსვლის სახით ევროპასთან გვაქვს, შევინარჩუნოთ და ჩვენმა მოქალაქეებმა ისარგებლონ ამ მნიშვნელოვანი სიკეთით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ამავე დროს, რომ ჩვენი მოქალაქეები პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ იმ შეთანხმებას, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან და ბოროტად არ ისარგებლონ ამ ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებით, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ევროკავშირთან ძალიან დიდი შრომის შედეგად. ძალიან სამწუხარო იქნება, თუკი ჩვენი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით კითხვის ნიშნებს გავაჩენთ ამ მიმართულებით”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

ამასთან, უმრავლესობის წევრის განმარტებით, ქართული მხარე აქტიურად მუშაობს ევროპარლამენტთან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე რეზოლუციის მისაღებად.

„ჩვენ ბუნებრივია, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე რეზოლუციის მისაღებად ვმუშაობთ ევროპარლამენტთან. როგორც იცით, რეზოლუციის მიღება ორ-სამ დღეში არ ხდება, შედარებით ხანგრძლივი პროცესია და მე მოლოდინი მაქვს, რომ უახლოეს თვეებში ევროპარლამენტი მიიღებს გარკვეულ რეზოლუციას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რომელშიც მომხდარი ფაქტიც იქნება ნახსენები“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.