საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 14 პროცენტით გაიზარდა
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 14 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, 2019 წლის მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა 14 პროცენტით გაიზარდა და 225 596 შეადგინა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 37 პროცენტით არის გაზრდილი უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა. მათ შორის, 21 პროცენტით გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა იმ ტერიტორიებზე, სადაც მაისის თვიდან ელექტრონული ბილეთების გაყიდვის სისტემა დაინერგა.

ხუთი თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა პრომეთეს მღვიმეს, თბილისის ეროვნულ პარკს, ყაზბეგის ეროვნული პარკს, მარტვილის კანიონს, ოკაცეს კანიონს.

ამასთან, უწყების მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიაზე 46 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომლებზეც 6 690 000 ლარი დაიხარჯება. მათგან უკვე დასრულდა ოკაცეს კანიონის და სათაფლიას აღკვეთილის რეაბილიტაცია. თოკების პარკი მოეწყო მტირალასა და ალგეთის ეროვნულ პარკებში. საგამოფენო სივრცე მოეწყო ალგეთისა და ვაშლოვანის ეროვნული პარკების ადმინისტრაციებში.

უკვე მიმდინარეობს სამუშაოები მარტვილის კანიონზე, სადაც რეაბილიტაცია უტარდება არსებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურას. იცვლება პრომეთეს მღვიმეში განათებისა და აუდიოსისტემა. ოკაცეს ჩანჩქერზე კი, მონტაჟდება ზიპ-ლაინი.