საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 4 160 000 ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა
საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 4 160 000 ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, კავკასიის ბუნების ფონდსა (CNF) და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) დაცულ ტერიტორიებს გრანტის სახით 4 160 000 ლარის ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენს.

„პანდემიის პირობებში, უცხოელი ვიზიტორების შემცირების ფონზე, კავკასიის ბუნების ფონდის მხრიდან მხარდაჭერა დროული და მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, პანდემიამ უარყოფითი გავლენა მოახდინა მსოფლიო ტურისტულ სფეროზე. რთული ვითარება შეიქმნა ჩვენს დაცულ ტერიტორიებზეც, შემცირდა უცხოელი ვიზიტორების ნაკადი, რომელიც შემოსავლის ძირითადი წყაროა. მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე სამუშაო შეუფერხებლად წარიმართოს. გერმანიის მთავრობის მხრიდან ჩვენ ვიღებთ გრანტს, რომელიც უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერაა და მიმდინარე წელს დაცული ტერიტორიების სააგენტოს საოპარციო ხარჯების დაფარვაში დაეხმარება“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

CNF-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯორჯ ჯიაკომინის თქმით, პანდემიის შედეგად, ქვეყანაში ტურისტებისგან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა.

„შესაბამისად, კავკასიის ბუნების ფონდის დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დაფინანსების გაზრდის შესახებ, რათა მოხდეს დაცული ტერიტორიების დაცვის, ტურისტების ჩამოსვლის, ასევე ტურისტებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობისა და ძირითად სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფა“, – განაცხადა ჯორჯ ჯიაკომინიმ.

ახალი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ეკოტურიზმიდან შემოსავლების შემცირებამ, საფრთხის ქვეშ დააყენა დაცული ტერიტორიების სააგენტოს უწყვეტი და ეფექტიანი ფუნქციონირება.

„შექმნილი გამოწვევების საპასუხოდ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიერ საერთაშორისო დონორებთან დროული და კონსტრუქციული მუშაობის შედეგად, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მიერ სააგენტო მიიღებს გრანტს, რომლის ფარგლებში მოხდება ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულებების დაფინანსება, როგორიცაა საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისთვის აუცილებელი საოპერაციო ხარჯები, რეინჯერთა ხელფასები და მათი აღჭურვილობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო, გასული წლების განმავლობაში, განსაკუთრებულად სწრაფად და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების შესაბამისად განვითარდა. მათ შორის აღსანიშნავია, რომ 2013 წლის შემდეგ: დაარსდა 23 ახალი დაცული ტერიტორია, 87 028,4 ჰექტარით გაიზარდა დაცული ტერიტორიების ფართობი, ვიზიტორთა რაოდენობა 3,5-ჯერ გაიზარდა და 1,2 მლნ ვიზიტორს მიაღწია, საკუთარმა შემოსავლებმა 2019 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 11 მლნ ლარს გადააჭარბა, გაიხსნა ახალი ეკოტურისტული ობიექტები (მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, ნავენახევის მღვიმე და სხვა), დაინერგა და განვითარდა ახალი ეკოტურისტული მიმართულებები და სერვისები. ამ ფონზე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მიღწეული პროგრესის შენარჩუნება და პოსტ პანდემიურ პერიოდში სწრაფი განვითარების უზრუნველყოფა“,- აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.