საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პასუხი „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“
არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ სპორტული ფედერაციების დაფინანსების პოლიტიკაზე ვრცელი დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც ერთ-ერთ მაგალითად ჭიდაობის ფედერაცია ყავდა წარმოდგენილი. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ფედერაციის იურისტმა კესო ჩხიკვაძემ სამივე ბრალდებას გასცა პასუხი.
ბრალდებები ასე გამოიყურება:
2017 წლის დეკემბერში და 2018 წლის იანვარში ფედერაციის ადმინისტრაციის უფროსმა და ერთ-ერთმა თანამშრომელმა 26 974 – 26 974 ლარის, ხოლო პრეზიდენტმა თამაზ (გეგა) გეგეშიძემ 40 000 ლარის ოდენობის პრემიები მიიღეს. ეს ოდენობები მრავალგზის აღემატება სხვაზე გაცემულ პრემიებს, რაც კორუფციის კუთხით ეჭვებს აჩენს.
ფედერაციის იურისტი კესო ჩხიკვაძე აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, არ დასტურდება არც ერთი თეთრი, რომელიც ჩარიცხულია ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის პირად ანგარიშზე.
ფედერაციამ ოთხი წლის განმავლობაში მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დეპუტატის და ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის, ლერი ხაბელოვის დის სასტუმროს, გაწეული მომსახურებისთვის 1 600 000 ლარი გადაურიცხა.
აღნიშნულ ბრალდებაზე, ფედერაცია აცხადებს, რომ თანხები ჩაირიცხა კონკრეტულ სასტუმროებში, რადგან მათ აქვთ ყველაზე გამართული ტექნიკური ბაზა. მათივე თქმით, სამწუხაროა, რომ არ აქვთ სხვა ალტერნატივა და მსგავსად სხვა სპორტული ფედერაციებისა, ჭიდაობის ფედერაციაც იყენებს აღნიშნული სასტუმროების მომსახურებას.
მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის თქმით, მოჭიდავეები სპორტული მიღწევების შედეგად მიღებულ ჯილდოს პირველ და მეორე მწვრთნელებს უყოფენ, ხოლო ვინ უნდა იყოს მეორე მწვრთნელად მითითებული, ამას ფედერაციის პრეზიდენტი გეგეშიძე წყვეტს.
კესო ჩხიკვაძის განცხადებით, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, თანხებს მწვრთნელებზე ანაწილებს არსებული პროგრამის შესაბამისად, მთავრობის დადგენილება #39-ის მიხედვით. სწორედ ამ თანხის მიხედვით ხდება მწვრთელთა დაფინანსება და ჭიდაობის ფედერაცია ანგარიშს სპორტის სამინისტროს აბარებს.