საქართველოს ჩეხეთიდან სამედიცინო ექსპერტთა დელეგაცია ეწვია
საქართველოს ჩეხეთიდან სამედიცინო ექსპერტთა დელეგაცია ეწვია

ჩეხეთის რესპუბლიკა აგრძელებს საქართველოს ჯანდაცვის სფეროს მხარდაჭერას. ამ მანდატის ფარგლებში, საქართველოს ჩეხ სამედიცინო ექსპერტთა დელეგაცია ორდღიანი ვიზიტით ეწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ჩეხეთის საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მისიის მთავარი მიზანია პარტნიორობის გაღრმავება ადგილობრივ საავადმყოფოებსა და სამედიცინო ინსტიტუტებთან, რათა ნიადაგი მომზადდეს ჩეხეთის რესპუბლიკის სამეციდინო-ჰუმანიტარული პროგრამის (MEDEVAC) მისიის მუშაობისთვის საქართველოში.

როგორც ჩეხეთის საელჩოში აღნიშნავენ, საწყის ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში მოხდება ადგილობრივი მედპერსონალის გადამზადება, ონკო-გინეკოლოგიისა და კიბოს პრევენციის საკითხებში.

მათივე ცნობით, ჩეხეთის სამედიცინო ექსპერტთა დელეგაციას ხელმძღვანელობენ პროფესორები მიხალ ზიკანი, და ჟირი სლამა. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია შეხვდება საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს. დელეგაცია ასევე ეწვევა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს.

დელეგაციას დაგეგმილი აქვს რეგიონული ვიზიტებიც – ბათუმისა და რუხის საავადმყოფოებში და ზუგდიდის სკრინინგცენტრში. იგეგმება შეხვედრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრთანაც.