საქართველოს ბიზნეს ასოციაციას მიაჩნია, რომ სავალუტო ჰეჯირების ინსტრუმენტის გამოყენება სავალუტო რისკებს შეამცირებს
საქართველოს ბიზნეს ასოციაციას მიაჩნია, რომ სავალუტო ჰეჯირების ინსტრუმენტის გამოყენება სავალუტო რისკებს შეამცირებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ საკუთარ წევრებთან, ძირითადად კი წამყვანი კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან მორიგი დისტანციური შეხვედრა გამართა.

ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო ლარის სავალუტო კურსის ჰეჯირების ინსტრუმენტები, რომელიც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს, საბანკო სექტორის მიერ ლარების მობილიზაციასა და შესაბამისად, ლარებში სესხების გაცემას, მეორე მხრივ კი, ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობას.

„COVID 19-ის პანდემიიდან გამომდინარე, ქვეყანას მნიშვნელოვნად შეუმცირდა სავალუტო შემოდინებები, რაც ლარის კურსზე ნეგატიურად აისახა. კურსზე ზეწოლას ასევე ამძაფრებს არსებული ნეგატიური მოლოდინები. შედეგად, ბაზარზე გაზრდილია მოთხოვნა უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ დეპოზიტებზე და ასევე გაზრდილია მოთხოვნა ლარში დენომინირებულ სესხებზე. ამ დისბალანსმა, ბუნებრივია, გამოიწვია ლარებში საპროცენტო განაკვეთების საგრძნობი ზრდა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანი და ეფექტიანი იქნება სავალუტო ჰეჯირების ინსტრუმენტის გამოყენება. ეს ინსტრუმენტი, რომლის მექანიზმებსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია უკვე გარკვეული პერიოდია ამუშავებს, საშუალებას იძლევა, რომ კომერციულ ბანკებში დღეს არსებული და სამომავლოდ მოსაზიდი უცხოური ვალუტა გარდაიქმნას ლარად ისე, რომ ამ პროცესმა ლარის გაცვლით კურსზე არ იქონიოს ნეგატიური ეფექტი. შემოთავაზებული ჰეჯირების ინსტრუმენტის მთავარი პრინციპები იქნება: საქართველოს მთავრობა და საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს შესაბამისი ფასის გადახდით დაუზღვევს სავალუტო რისკს გარკვეულ თანხაზე. ბანკები, ამ თანხის ფარგლებში, შიდა სავალუტო ბაზარზე დააკონვერტირებენ უცხოურ ვალუტას ლარში და გასცემენ სესხებს ლარში“, – ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკთან ამ საკითხზე კონსულტაციებს განახორციელებს. ბიზნეს ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი იქნება ზემოაღნიშული ინიციატივა, რაც მნიშვნელოვანი ღირებულების მომტანი იქნება ბიზნესისთვის, განსაკუთრებით დღევანდელ ვითარებაში.