საქართველოს ბიზნეს ასოციაცია - ველით პარლამენტის გადაწყვეტილებას შრომის კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით, იმედი გვაქვს, ეს ცვლილებები სამართლიანი და დაბალანსებული იქნება
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია - ველით პარლამენტის გადაწყვეტილებას შრომის კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით, იმედი გვაქვს, ეს ცვლილებები სამართლიანი და დაბალანსებული იქნება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კიდევ ერთხელ ეხმიანება შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე პლენარული სესიის ფარგლებში მეორე მოსმენით უნდა მიიღოს.

ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ შრომის კოდექსსა და შრომის ინსპექციის შესახებ კანონში რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპი შემოდის, რაც, ერთის მხრივ, დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, მეორეს მხრივ კი თითქმის სრულად დააკმაყოფილებს ევროკავშირთან ასოცირების პროცესში აღებულ ვალდებულებებს.

ამასთან, ბიზნეს ასოციაციაში კიდევ ერთხელ ამახვილებენ ყურადღებას საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში დარჩენილ ორ უმნიშვნელოვანეს და წინააღმდეგობრივ საკითხზე. კერძოდ, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ლიმიტის მკვეთრ ზრდასა და შრომის ინსპექციის მანდატის განუსაზღვრელ გაფართოვებაზე.

„როგორც კანონმდებლები, ასევე დამსაქმებლები პირნათელნი უნდა ვიყოთ იმ ადამიანების წინაშე, ვინც საკმაოდ რთულ ეკონომიკურ ვითარებაში შრომობს და თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაში, ბიზნესისა და ქვეყნის შენებაში; არ შეიძლება ამ ადამიანებს შევუქმნათ არასწორი მოლოდინები, მივიღოთ იმგვარი გადაწყვეტილებები, რაც განწირულია შეუსრულებლობისთვის ან კიდევ უფრო უარესი, დამატებით პრობლემებს შეუქმნის ბიზნესსაც, დასაქმებულებსაც და ეკონომიკასაც. მაგალითად, თუ ჩვენ შემოვიღებთ ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების მკვეთრად გაზრდილ მოთხოვნებს, ბიზნესი იძულებული იქნება თავი აარიდოს გაზრდილ ხარჯებს, მაგალითად, მაღალი ალბათობით, შესაძლოა, დაიყოს შტატები, შემცირდეს სამუშაო დრო და შემცირდეს ფიქსირებული ხელფასები. ამასთან, თუ ჩვენ განუსაზღვრელი უფლებამოსილებებით აღვჭურვავთ შრომის ინსპექციას, ბიზნესი, განვითარებასა და კრიზისთან გამკლავებაზე ფიქრის ნაცვლად, იძულებული იქნება ადმინისტრაციულ ორგანოსთან ხანგრძლივ დავებში ხარჯოს დრო და ენერგია, შრომის ინსპექცია კი დაშორდება მის ძირითად ფუნქციას – აკონტროლოს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების პირობები, რაც ასე კრიტიკულია და რაზეც დამოკიდებულია არაერთი დასაქმებულის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, მათ შორის, შრომის კანონმდებლობის რადიკალურ ცვლილებას, ბუნებრივია, ექნება როგორც დადებითი, ასევე, უარყოფითი მხარეები. თუმცაღა, არ უნდა დავუშვათ, რომ ამა თუ იმ ცვლილებამ თუ გადაწყვეტილებამ ნეგატიური გავლენა იქონიოს შრომის ბაზარსა და ქვეყნის ბიზნესსა და ეკონომიკაზე. მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის არსებული ფონი, რაც პანდემიის გამო გლობალურად და, მათ შორის, საქართველოში გვაქვს.

ჩვენ ვეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ საჭიროა სწორი ბალანსის დაცვა და კომპრომისი. შესაბამისად, მთელი ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, კონსტრუქციულ და პროფესიულ ფორმატში იმუშავა შესაბამის უწყებებთან და გაიზიარა დაგეგმილი ცვლილებების აბსოლუტური უმრავლესობა. თუმცაღა აშკარაა, რომ ეს დარჩენილი ორი წინააღმდეგობრივი საკითხი საფრთხეების შემცველია და ვფიქრობთ, რომ ჩვენ არ გვაქვს ექსპერიმენტების კეთების ფუფუნება. მით უფრო ისეთის, რომელიც არათუ არ გააუმჯობესებს დასაქმებულების მდგომარეობას, არამედ დააზიანებს მათ ინტერესებს და შესაბამისად დააზიანებს ეკონომიკას.

დარწმუნებულნი ვართ, რომ საკანონმდებლო ორგანო მართებულად შეაფასებს არსებულ რეალობას და მიიღებს დაბალანსებულ გადაწყვეტილებას შრომის კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით“,- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.