საქართველოს ბიზნეს ასოციაცია - რეგულირების ზეგავლენის შეფასებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივა რადიკალურად შეცვლის კანონშემოქმედების კულტურას
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია - რეგულირების ზეგავლენის შეფასებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივა რადიკალურად შეცვლის კანონშემოქმედების კულტურას

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში პოზიტიურად აფასებენ პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ მომზადებულმა საკანონმდებლო ინიციატივამ შესაძლოა, სავალდებულოდ გაიაროს რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) პროცედურა.

„რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) იძლევა ცალკეული რეგულაციის თანმდევი დანახარჯებისა და სარგებლის სისტემატიზებული ანალიზის შესაძლებლობას, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის თანმიმდევრული განხორციელებისათვის. ამასთან, აღნიშნული პროცედურა ამცირებს ნაჩქარევი, პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღების რისკებს და კანონმდებლებს და დაინტერესებულ მხარეებს ფართო წარმოდგენას უქმნის გადაწყვეტილების მიღების სავარაუდო შედეგებზე.

ამავდროულად, აღნიშნული ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში აღმოიფხვრება ის დისბალანსი, რომელიც ამ ნაწილში საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის აქამდე არსებობდა. კერძოდ, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო აქტებისთვის მსგავსი შეფასება მიმდინარე წელს სავალდებულო გახდა, ხოლო პარლამენტის წევრს დღესაც შეუძლია ამ პროცედურების გარეშე მარტივად დაარეგისტრიროს ნებისმიერი კანონპროექტი. შედეგად კი მივიღეთ არაერთი დამატებითი რეგულაციური ტვირთი, რომლის შეფასებაც თავის დროზე არ მომხდარა და რომელიც შეიძლება ქმნიდეს ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის განვითარების კუთხით გარკვეულ შემაფერხებელ ფაქტორებს.

შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის რეალიზების შემთხვევაში, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებებისათვის უნივერსალურად დანერგილი შეფასების პროცედურები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხს და მოგვცემს მაღალი დონის კოორდინაციას სახელისუფლებო შტოებს შორის. დამატებით, გაიზრდება კანონშემოქმედებითი პროცესის გამჭვირვალობა და მასში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა, ანუ მივიღებთ პროცესში ყველა იმ მხარის მონაწილეობას, ვისზეც ამა თუ იმ რეგულაციამ შესაძლოა მოახდინოს გავლენა.

დასასრულს, გვსურს აღვნიშნოთ, რომ უკვე არსებული გამოცდილებით კონკრეტულ რეგულაციებთან დაკავშირებულ დებატებში მხარეები გამოთქვამენ საკუთარ არგუმენტებს, თუმცა ამ არგუმენტების დანახარჯ-სარგებლიანობის მონეტარული შეფასება, როგორც წესი, აღარ ხდება: აღნიშნული პროცედურები სპეციალური მეთოდოლოგიით უნდა მიმდინარეობდეს, რომლის დანერგვაც, როგორც ჩანს, გარკვეულ დროს მოითხოვს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მზად არის, აქტიურად ჩაერთოს რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) პროცედურების დანერგვაში, ისევე როგორც განვიხილავთ ზოგიერთი უკვე არსებული რეგულაციის ე.წ. Ex-post მიდგომით შეფასებას, რამაც ყველა დაინტერესებულ მხარეს უნდა დაგვანახოს, რამდენად შექმნა ნეტო დადებითი სარგებელი ამა თუ იმ რეგულაციამ და ხომ არ არის საჭირო პოსტ-პანდემიური ეკონომიკის წახალისებისთვის ვიფიქროთ ზოგიერთი მათგანის მნიშვნელოვან შემსუბუქებაზე“, – ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.