„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეროვნული ვალუტის გაუფასურება და გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ასუსტებს ეკონომიკურ აქტივობას. განგრძობითი ხასიათის ლარის დევალვაცია აფერხებს საინვესტიციო საქმიანობას, ეცემა მომხმარებლის მსყიდველობითი უნარი და მცირდება ერთობლივი მოთხოვნა, – ამის შესახებ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ მიერ ლარის კურსთან დაკავშირებით ავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, ლარის კურსზე თავის მხრივ, გავლენას ახდენს გართულებული ეპიდსიტუაცია, არჩევნების შემდგომ განვითარებული პოლიტიკური ვნებათაღელვა, ნეგატიური მოლოდინები და სხვა ფაქტორები, თუმცა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება დროულ ჩარევას საჭიროებს.

„ეროვნული ვალუტის გაუფასურება და გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ასუსტებს ეკონომიკურ აქტივობას. ლარის დევალვაცია, განსაკუთრებით განგრძობითი ხასიათის, რასთანაც გვაქვს საქმე ბოლო წლების განმავლობაში, აფერხებს საინვესტიციო საქმიანობას: ასეთ დროს მცირდება მომავლის განჭვრეტადობის ხარისხი როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოელი ინვესტორებისთვის, რთულდება რეალისტური ფინანსური გეგმების შედგენის შესაძლებლობა და მათი შემდგომი იმპლემენტაცია და სხვ. ამასთან, მცდარია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ლარის დევალვაცია პრობლემას უქმნის ბიზნესის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს (მაგალითად, მარტო იმპორტიორებს). სინამდვილეში, ზარალდება ყველა, რადგან ეცემა მომხმარებლის მსყიდველობითი უნარი და მცირდება ერთობლივი მოთხოვნა. შესაბამისად, მცირდება კომპანიების შემოსავლები, უარესდება ფინანსური უწყისები, უარესდება ბიზნეს და სამომხმარებლო განწყობები და სხვ. აქვე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ეკონომიკას გაუფასურებული კურსის შედეგად ჯერ-ჯერობით იმპორტის ჩანაცვლების რესურსი არ გააჩნია.

ჩვენთვის, ბუნებრივია, კარგად არის ცნობილი ის ფაქტიც, რომ ლარის კურსზე გავლენას ახდენს გარკვეულ ფაქტორთა ერთობლიობა, მათ შორის ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები, ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეროვნული ვალუტების გაუფასურება, გართულებული ეპიდსიტუაცია, არჩევნების შემდგომ განვითარებული პოლიტიკური ვნებათაღელვა და შესაბამისად ნეგატიური მოლოდინები და სხვ. თუმცაღა, ვფიქრობთ, რომ სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება საგანგაშოა და საჭიროებს დროულ ჩარევას. ლარის გაცვლითი კურსი უკანასკნელი წლების განმავლობაში გახდა ჩვენი ქვეყნის ბიზნესის და შესაბამისად, ეკონომიკის მთავარი ბარომეტრი და ლარის ყოველი მომდევნო გაუფასურება უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აგდებს ბიზნესს და ეკონომიკას, მის როგორც რეალურ, ასევე ფინანსურ სექტორს“,  – ნათქვამია განცახებაში.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონების მეშვეობით უნდა გააგრძელოს უცხოური ვალუტის მიწოდება და შეავსოს ვალუტის ის დანაკლისი, რაც ქვეყანაში პანდემიის გამო წარმოიქმნა.

„ბოლო პერიოდში ხელისუფლების ძალისხმევით უცხოეთიდან მოზიდული სახსრებით ხორციელდებოდა სხვადასხვა ტიპის პროგრამისა და დახმარების გაწევა და ფინანსური რესურსების მიწოდება, რასაც, თავის მხრივ, ჰქონდა და აქვს მასტიმულირებელი ეფექტი ეკონომიკაზე. ამასთან, ყველა ამ ტიპის დახმარება ხორციელდება ლარებში, უცხოეთიდან მიღებული სავალუტო სახსრების კონვერსიის გზით. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს უცხოეთიდან მოზიდული სავალუტო რესურსების ბაზარზე მიწოდება მიმოქცევის არხებში გაზრდილი ფულადი მასის სტერილიზაციის მიზნით. ამ პროცესში ასევე მნიშვნელოვან როლს, 2019 წლის მსგავსად, ეროვნული ბანკის მიერ დაფინანსებული ლარის სესხების ზრდაც ასრულებს. ამ საკმაოდ რთულ პერიოდში სავალუტო ბაზარზე ზეწოლის შესამცირებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონების მეშვეობით უნდა გააგრძელოს უცხოური ვალუტის მიწოდება და შეავსოს ვალუტის ის დანაკლისი, რაც ქვეყანაში პანდემიის გამო წარმოიქმნა.

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობის განმსაზღვრელი საშუალო თუ გრძელვადიან პერიოდში ვერანაირად ვერ იქნება სავალუტო ინტერვენციები, მაგრამ დგება პერიოდები, როდესაც აუცილებელი და კრიტიკულია ცენტრალური ბანკის აქტიური ჩარევა შიდა სავალუტო ბაზარზე და სავალუტო ინტერვენციების წარმოება. დღეს „კოვიდ-19“-ით გამოწვეული უპრეცედენტო მასშტაბის მქონე პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის გამო, ლარი სამწუხაროდ, სავალუტო ინტერვენციების ამარა რჩება.

შექმნილი ვითარება გვაფიქრებინებს, რომ აუცილებელია მეტი პროფესიული დისკუსია ყველა იმ მხარის ჩართულობით, ვისაც შეუძლია, საკუთარი პოზიტიური წვლილი შეიტანოს სავალუტო ბაზარზე სიტუაციის გაჯანსაღების საქმეში. შესაბამისად, გამოვთქვამთ მზადყოფნას საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან, ნებისმიერ ფორმატში, პროფესიულ და კვალიფიციურ დონეზე გავაგრძელოთ დიალოგი არსებული მდგომარეობის განსახილველად.

შედეგად, მინიმუმ პანდემიის პერიოდში, უნდა შემუშავდეს დამატებითი მიდგომები, რომლებიც დააბრუნებს სავალუტო ბაზარს წონასწორობის მდგომარეობაში და ძალიან მძიმე დარტყმას ააცილებს ქართულ ბიზნესს. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სათათბიროს მიერ, რომელიც მაღალი კლასის ექსპერტებით არის დაკომპლექტებული, მუდმივად მუშავდება სხვადასხვა მექანიზმი, რაც, სხვა დამატებითი ღონისძიებების პარალელურად, რომელთა შემუშავებაც მოხდება საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან ერთად, ვფიქრობთ, უზრუნველყოფს როგორც გაცვლითი კურსისა და ფასების სტაბილურობას, ასევე ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობას“, – ნათქვამია განცხადებაში.