საქართველოს ბიზნესასოციაცია ეკონომიკის გახსნის ტემპის დაჩქარებას მიესალმება
საქართველოს ბიზნესასოციაცია ეკონომიკის გახსნის ტემპის დაჩქარებას მიესალმება

საქართველოს ბიზნესასოციაცია მიესალმება ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მორიგ ეტაპს, რომლის მიზანია, აღდგეს ეკონომიკური აქტივობა და ბიზნესი დაუბრუნდეს ცხოვრების მეტ-ნაკლებად ჩვეულ რიტმს, – ამის შესახებ ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული.

„დღეს, საბედნიეროდ, საქართველოში გვაქვს ვითარება, როდესაც სამედიცინო პერსონალისა და ეპიდემიოლოგების ძალისხმევით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ეფექტური მუშაობის, ბიზნესსექტორისა და მოქალაქეების პასუხისმგებლიანი მიდგომის გათვალისწინებით, ვირუსის გავრცელება მნიშვნელოვნად შენელებულია და შესაბამისად ყოველდღიურად უმჯობესდება ეპიდსიტუაცია. ამასთან, ვხედავთ იმასაც, რომ კრიტიკულად აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად ავამუშავოთ ეკონომიკა და ეტაპობრივად დავუბრუნდეთ ეკონომიკის განვითარებისა და ზრდის იმ ნიშნულებს, რაც პანდემიამდე გვქონდა.

საქართველოს ბიზნესასოციაციაში კარგად ვაცნობიერებთ ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებულ რისკებსაც, თუმცა შეჩერებული საქმიანობის ყოველი ზედმეტი დღე ბიზნესის, დასაქმებულებისა და თითოეული მოქალაქის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს. შესაბამისად, როდესაც ბიზნესი საუბრობს ეკონომიკის გახსნის ტემპის დაჩქარებაზე, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, როგორც შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღებთა პასუხისმგებლობას, ასევე ცალკეული ბიზნეს სუბიექტის, ყოველი დასაქმებულისა და მოქალაქის პასუხისმგებლობას, რომ საფრთხის სრულად აღმოფხვრამდე განსაკუთრებული ყურადღებით მოვეკიდოთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს, სრულად და განუხრელად დავიცვათ საკუთარი დასაქმებულების თუ მომხმარებლების უსაფრთხოება“, – აცხადებს ორგანიზაცია.

ამასთან, მათი თქმით, საქართველოს ბიზნესასოციაცია ყოველდღიური, აქტიური კომუნიკაციისა და კონსულტაციების რეჟიმშია ბიზნესსექტორთან.

„შესაბამისად, ვფლობდით რა სრულ ინფორმაციას გასული ორი თვის განმავლობაში დაგროვილი პრობლემატიკის შესახებ, გვქონდა კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან, უსაფრთხოების დაცვის შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით გადაეხედათ და შეემცირებინათ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ბიზნესის ამოქმედებისთვის დადგენილი ვადები.

მისასალმებელია, რომ საქართველოს მთავრობამ პანდემიისგან მომდინარე საფრთხეების შემცირების ფონზე, ეკონომიკის აღდგენა და ბიზნესის მხარდაჭერა უმთავრეს პრიორიტეტად გამოაცხადა, შეზღუდვების შემსუბუქების განცხადებული მორიგი ტალღა, რომელიც 11 მაისიდან ამოქმედდება, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საწარმოებისა და სავაჭრო ობიექტების დიდი ნაწილისთვის. ამასთან, გამოვთქვამთ იმედს, რომ შეზღუდვების მოქმედების ქვეშ დარჩენილ კომპანიებსაც ძალიან მალე მიეცემათ მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, რაც ნიშნავს სამუშაო ადგილებზე ათასობით ჩვენი თანამოქალაქის დაბრუნებას და „კოვიდ-19“-ის გამო შექმნილი რთული სოციალური ვითარების გაუმჯობესებას“, – ნათქვამია საქართველოს ბიზნესასოციაციის განცხადებაში.