საქართველოს ბიზნეს ასოციაცია - დღგ-ის დაბრუნების ავტომატური სისტემა პოზიტიურად იმოქმედებს ბიზნეს სუბიექტების ეკონომიკურ აქტივობაზე
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია - დღგ-ის დაბრუნების ავტომატური სისტემა პოზიტიურად იმოქმედებს ბიზნეს სუბიექტების ეკონომიკურ აქტივობაზე

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემის დანერგვას.

როგორც ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რეფორმის იმპლემენტაციის შედეგად, ქვეყანაში მკვიდრდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, იმატებს ნდობის ხარისხი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის.

ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ  ახალი პროგრამის ამოქმედება სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული პოზიტიური გზავნილი იქნება ბიზნესკომპანიებისათვის, რომელთა დღის წესრიგში დღეისათვის მთავარ საზრუნავად ფუნქციონირების გაგრძელება და სამუშაო ადგილების შენარჩუნება დგას.

„თავისი შინაარსით, დღგ-ის დაბრუნების ავტომატური სისტემა არის დღეს სხვა განვითარებულ ქვეყნებში არსებულთაგან ყველაზე მაღალი სტანდარტი, რაც თავისთავად დადებითი მოვლენაა. ვფიქრობთ, იგი პოზიტიურად იმოქმედებს ბიზნეს სუბიექტების ეკონომიკურ აქტივობაზე, მათ ფინანსურ მდგომარეობაზე, რაც დაეხმარება მათ კრიზისის თანმდევი სიძნელეების გადალახვაში და იქნება ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, უმოკლეს ვადაში შევიდეს ცვლილება საგადასახადო კოდექსში. კერძოდ,საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული ის შეღავათი, რომელიც 1500 ლარამდე ხელფასებს შეეხებოდა, დამატებით გაგრძელდეს კიდევ ექვსი თვით და შესაბამისად, სრულად მოიცვას ერთწლიანი პერიოდი 2020 წლის პირველი მაისიდან 2021 წლის პირველ მაისამდე; ასევე, ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიას ჩამოეწეროს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ამა წლის 22 მაისს განხორციელებული ცვლილების საფუძველზე გადავადებული და დაგროვებული საშემოსავლო გადასახადი.