საქართველოს ბიზნეს ასოციაცია - ბიზნესის საქმიანობას შემცირებულ მოთხოვნაზე მეტად, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერიები აფერხებს
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია - ბიზნესის საქმიანობას შემცირებულ მოთხოვნაზე მეტად, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერიები აფერხებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის 2021 წლის პირველი კვარტლის კვლევის თანახმად, ბიზნეს საქმიანობისათვის ხელისშემშლელი ფაქტორების არსებობაზე გამოკითხულთა 74 პროცენტი საუბრობს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, თუმცა შედეგი კვლავ ჯდება იმ საერთო ტენდენციაში, რასაც ასოციაციის წევრი კომპანიები ბოლო კვლევებია გამოხატავენ. ინფორმაციას ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2021 წლის პირველ კვარტალში, ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ოთხი ფაქტორია ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ დასახელებული: სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, პროდუქციასა თუ მომსახურებაზე მოთხოვნის სიმცირე, შეზღუდული ფინანსური რესურსები და სპეციალისტების ნაკლებობა.

„აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ოთხივე კვარტალში, ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის პირველ ადგილს ყოველთვის მოთხოვნის სიმცირე იკავებდა. მოცემულ კვარტალში კი შემაფერხებელ ფაქტორებს შორის პირველი ადგილი სამართლებრივმა და ადმინისტრაციულმა ბარიერებმა დაიკავა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გარდა „კოვიდ-19“ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა, კვლავ ხელისშემშლელ ფაქტორებს შორისაა მარეგულირებელი გარემო და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, რასაც ასოციაციის წევრი კომპანიები ინდექსის კვლევის დაწყებიდან მუდმივად ასახელებენ. შესაბამისად, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია პოსტ-პანდემიური ეკონომიკის აღდგენისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს, დამატებითი შესწავლისა და შეფასების შემდეგ, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით დაიწყოს პრობლემის მოგვარების იმ კონკრეტულ ხედვებზე დიალოგი, რაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს აღნიშნულ ადმინისტრაციულ და სამართლებრივ შემაფერხებელ ფაქტორებს“, – აცხადებენ ბიზნეს ასოციაციაში.