საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ ნიკოლოზ წურწუმიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ ნიკოლოზ წურწუმიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ ნიკოლოზ წურწუმიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული. წინასწარი ინფორმაციით, სხდომა დისტანციურ რეჟიმში ჩატარდება, შესაბამისად, მხარეები და ბრალდებული სხდომას არ დაესწრებიან.

ნიკოლოზ წურწუმიას ადვოკატი ბრალდებულის მიმართ 30 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს.

ადვოკატ გიორგი ბარდაველიძის განცხადებით, ისინი ამ შუამდგომლობას რამდენიმე არგუმენტით ასახელებენ. ადვოკატის თქმით, გირაოს გამოყენებაზე შუამდგომლობა მოსამართლემ უნდა გაითვალისწინოს, მათ შორის იმიტომ, რომ წურწუმია წარსულში არაა ნასამართლევი, ასევე გირაოს უზრუნველსაყოფად ჩადებული იქნება ნიკოლოზ წურწუმიას ახლო ნათესავის საცხოვრებელი სახლი.

რაც შეეხება ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებაზე წურწუმიასთვის წარდგენილ ბრალდებას, ადვოკატი ამბობს, რომ წურწუმია დუმილის უფლებას იყენებს. თუმცა, ადვოკატის განმარტებით, ბანკის ფილიალში შეჭრა ეს იყო წურწუმიას მხრიდან პროტესტი, რომელიც დაკავშირებულია მისი ცხოვრების სოციალურ საკითხებთან, ასევე იმ ფაქტთან, რომ კონკრეტული პირები მას გარკვეული პერიოდია, ვალს არ უბრუნებენ.

ადვოკატის თქმით, ზოგიერთი მოწმის ჩვენების მიხედვით, წურწუმია ბანკში ყოფნისას სწორედ ამ პირთა მისვლას ითხოვდა. ადვოკატი ამბობს, რომ აღნიშნული თანხის დაბრუნების ნაწილზე  გამოძიება დაიწყო.

ადვოკატ გიორგი ბარდაველიძის განმარტებით, მოწმეთა ჩვენებები ბრალდებულის მიმართ ლოიალურია, რადგან ისინი აღწერენ, რომ წურწუმიას მხრიდან იძულება ან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ ყოფილა.