საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის რკინიგზების ხელმძღვანელებმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით, ტვირთების გადაზიდვის ორგანიზების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის რკინიგზების ხელმძღვანელებმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით, ტვირთების გადაზიდვის ორგანიზების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის რკინიგზების ხელმძღვანელებმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით, ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ტვირთების გადაზიდვის ორგანიზების შესახებ.

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის, ლაშა აბაშიძის, აზერბაიჯანის რკინიგზის (ADY) თავმჯდომარის, როვშან რუსტამოვის და თურქეთის სახელმწიფო რკინიგზის, TCDD Taşımaçılık-ის გენერალური დირექტორის, უფუკ იალჩინის შეხვედრა ყაზახეთის ქალაქ ალმატიში, ტრანსპორტის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაზრდიან ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტის კონკურენტუნარიანობას სხვა სატრანსპორტო დერეფნებთან შედარებით, მიიზიდავენ დამატებით ტვირთნაკადებს ამ მარშრუტზე ოპტიმიზებული მიწოდების ვადებით და გამოიყენებენ კონკურენტუნარიან ტარიფებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ტვირთების გადაზიდვის სტაბილურ პირობებს და გამჭვირვალე ფასების ფორმირებას.

როგორც აღინიშნა, შეხვედრის მიზანი იყო სარკინიგზო მარშრუტის გასწვრივ სტაბილური და პროგნოზირებადი ოპერაციული რეჟიმის შექმნა, ტვირთის მფლობელებისთვის პირობების გაუმჯობესება და ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდა. ხაზი გაესვა, რომ მიწოდების ვადების დაცვა მარშრუტის მიმზიდველობის მთავარი ელემენტია გადამზიდავებისთვის.