საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ – მინისტრის სახელზე წერილი შეიტანეს
საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ – მინისტრის სახელზე წერილი შეიტანეს.
ისინი მთავრობის მეთაურს შემდეგი მოთხოვნებით მიმართავენ: პირველი – მაისის შემდეგ შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადამ გადაიწიოს და მეორე – საზღვრები გაიხსნას იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ავტომობილები რეექსპორტით გადის.
ასოციაციის წევრების განცხადებით, საქმე ეხება 700 – მილიონიან ბაზარს და პოსტ პანდემიურ პირობებში, ბაზრის აღდგენა რთული იქნება.
„პირველ რიგში, შეგვაქვს ხელმოწერები. ძალიან მოკლე დროში შევაგროვეთ 500-ზე მეტი ხელმოწერა პრემიერის სახელზე. ამ ხელმოწერებთან ერთად შეგვაქვს წერილიც. ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის ის, რომ პირველი მაისის შემდეგ შემოყვანილ ავტომობილებს ისევე შეეხოთ განბაჟების ვადის გადაწევა, როგორც ეს შეეხო პირველ მაისამდე შემოყვანილ ავტომობილებს.
თუ ახლა ფეხს დავაჭერთ ავტოიმპორტიორებს, უკვე გაძნელდება ბაზრის სრულად ამოქმედება. ამიტომ ჩვენი მოთხოვნა არის, ეს ვადა გადაიწიოს და ასევე, გაიხსნას საზღვრები ავტოიმპორტიორებისთვის, რათა ავტოდილერები ორგანიზებულად შემოვიყვანოთ და ისევ ორგანიზებულად გავიყვანოთ ქვეყნიდან“, – განაცხადა საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის წევრმა, ალექსი ნონიაძემ.