„ეარ მალტამ“ თბილისის მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შეასრულა
„ეარ მალტამ“ თბილისის მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შეასრულა

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ავიაკომპანია „ეარ მალტამ“ (AIR MALTA) დაიწყო. პირველი რეგულარული რეისით მალტადან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამთენიისას „ეარბასის“ (Airbus A 320) ტიპის თვითმფრინავით დაეშვა. თბილისში ამ რეისით 37 მგზავრი ჩამოფრინდა.

საინაუგურაციო რეისის მგზავრებს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ორგანიზებით საზღვარზე ქართული ღვინო და ქართული წარმოების ჩირი დაურიგდათ. ამავე თვითმფრინავით მალტაზე მიმავალ 92 მგზავრს კი, ავიაკომპანიის ბრენდირებული სუვენირები გადაეცა.

საქართველოს ავიაბაზარზე „ეარ მალტას“ ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით აეროპორტის ტერმინალში საზეიმო დახვედრის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა, გიორგი ჩოგოვაძემ, ავიაკომპანია „ეარ მალტას“მარკეტინგის მენეჯერმა, მარიონ პეისიმ, „ტავ ჯორჯიასა“ და „ინტერკო თრეველ“ ჯგუფის წარმომადგენლებმა მიიღეს, რომლებიც საქართველოში „ეარ მალტას“ კომერციული წარმომადგენლები არიან. რეგულარული რეისები მალტადან თბილისის მიმართულებით ხუთშაბათობით შესრულდება.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, საავიაციო სფეროში საჯარო და კერძო სექტორს შორის ურთიერთობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს სწორად პოზიციონირებისთვის. სწორედ მსგავსი აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოს საავიაციო ბაზარს „ეარ მალტას“ სახით კიდევ ერთი ავიაკომპანია შეემატება.

როგორც ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ აცხადებენ, პირდაპირი რეისები მალტადან ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული პოტენციალის განვითარებას.

ავიაკომპანია „ეარ მალტა“ 1974 წლის აპრილიდან ოპერირებს. მისი სათაო ოფისი მალტას საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს. ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ რეისებს ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის 39 მიმართულებით ასრულებს.