საქართველოს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეწვევა
საქართველოს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი დღეს საქართველოს ეწვევა. ლოიდ ოსტინი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან.

შეხვედრებზე განიხილება აშშ-საქართველოს თანამშრომლობის, გლობალური უსაფრთხოებისა და რეგიონული საკითხები.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, ეს ვიზიტი აშშ-საქართველოს თანამშრომლობის კიდევ ერთი ძლიერი დადასტურებაა.

„ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში, ასრულებს უდიდეს როლს რეგიონში არსებული საფრთხეების შეკავებაში, იმ საფრთხეების, რომლებიც მომდინარეობს როგორც რუსეთიდან, ასევე სხვა მიმართულებებიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერების თვალსაზრისით“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

​თბილისიდან ლოიდ ოსტინი უკრაინაში გაემგზავრება. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე შტატების პოზიციას კი ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალზე შეაჯამებს.