საქართველოს არგენტინის ტურიზმის მინისტრი ეწვევა
საქართველოს არგენტინის ტურიზმის მინისტრი ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი არგენტინაში ვიზიტის ფარგლებში, არგენტინის ტურიზმის მდივანს გუსტავო სანტოსს, არგენტინის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ბეატრის ავილას და ევროკავშირთან ურთიერთობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ესეკიელ ფერნანდესს ლანგანს შეხვდა.

საგარეო უწყების ცნობით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა გუსტავო სანტოსს საქართველოს მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის და ხაზი გაუსვა მის განსაკუთრებულ წვლილს საქართველო-არგენტინის ურთიერთობების გაღრმავებაში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არგენტინასა და საქართველოსთვის და აღინიშნა, რომ არსებული ურთიერთობების შემდგომი განმტკიცებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოში არგენტინის ტურიზმის მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი.

საგარეო უწყების ინფორმაციით, არგენტინელი მინისტრის განცხადებით, იგი მოხარულია, ეწვიოს საქართველოს, რომელმაც ბოლო პერიოდის განმავლობაში, არსებული გამოწვევების მიუხედავად ბევრს მიაღწია.

ასევე, მხარეები მიესალმნენ ვიზიტის ფარგლებში ტურიზმის სფეროში არგენტინასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას, რომელსაც  გუსტავო სანტესის ვიზიტისას მოეწერება ხელი.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში არგენტინის მდიდარ გამოცდილებას. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოში ტურიზმის მზარდ ინდუსტრიას და აღნიშნულ სფეროში არგენტინასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. ასევე საუბარი შეეხო ორივე ქვეყანაში ცნობადობის ამაღლებისა და კულტურული კავშირების დამყარებისთვის საჭირო ღონისძიებების ორგანიზებას, ამ მხრივ, მხარეები შეთანხმდნენ, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების დაახლოებას და მედია საშუალებების აქტიურ ჩართულობას როგორც არგენტინაში საქართველოს პოპულარიზაციის, ასევე საქართველოში არგენტინის შესახებ საზოგადოების მეტი ინფორმირების მიზნით.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა არგენტინის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ასევე ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროგრესზე, ქვეყანაში განხორციელებულ წარმატებულ ეკონომიკურ რეფორმებზე, ასევე საქართველოს წამყვან საერთაშორისო პოზიციებზე ბიზნესის წარმოების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს თვალსაზრისით.

აღინიშნა, რომ დავით ზალკალიანის მიმდინარე ვიზიტი არგენტინაში ხელს შეუწყობს ორმხრივი, როგორც პოლიტიკური, ასევე სექტორული თანამშრომლობის გაძლიერებას.

დავით ზალკალიანი ლათინური ამერიკის ქვეყნებს 17-23 მარტის ფარგლებში სტუმრობს. არგენტინაში ვიზიტის ფარგლებში, ის „სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის კონფერენციაში“ მონაწილეობს.