„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ - ტექინსპექტირების ერთ-ერთი ცენტრი მომხმარებლის განზრახ შეცდომაში შეყვანას ცდილობს
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ - ტექინსპექტირების ერთ-ერთი ცენტრი მომხმარებლის განზრახ შეცდომაში შეყვანას ცდილობს

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთ-ერთი ცენტრიდან მობილური საკომუნიკაციო ოპერატორების აბონენტებს მისდით სარეკლამო მოკლე ტექსტური შეტყობინებები, შემდეგი შინაარსით: „ვერ მოასწარით სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაწესებულ ვადაში? ვადაგადაცილებისთვის არ დაჯარიმდებით…“

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ აღნიშნავს, რომ სარეკლამო შეტყობინებას მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავს, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრს არ აქვს უფლება ტექნიკური დათვალიერების გავლის ვადის დარღვევის გამო, მომხმარებელი დააჯარიმოს ან პირიქით, თავიდან აარიდოს დაკისრებული სანქციები.

ორგანიზაცია კომუნიკაციების ომბუდსმენს, საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

“აღნიშნული სარეკლამო შეტყობინება წარმოადგენს არასათანადო რეკლამას, რაც „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-2 ქვეპუნქტის შესაბამისად, განიმარტება, როგორც არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, ამავე კანონის მე-3 მუხლის, მე-6 პუნქტის თანახმად, ამგვარი რეკლამის დამკვეთის მიზანია განზრახ შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი. სამოქალაქო ორგანიზაციები – საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის, პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის და ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია მოვუწოდებთ კომუნიკაციების ომბუდსმენს, დაინტერესდეს და შეისწავლოს აღნიშნული საკითხი, რათა ადგილი არ ჰქონდეს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას” – აღნიშნულია განცხადებაში.