საქართველოს ახალი კონსტიტუცია აქვს
საქართველოს ახალი კონსტიტუცია აქვს

საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციურ პროექტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილი მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და ვეტო 110 ხმით 8-ის წინააღმდეგ დაძლია.

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი კი 117 ხმით 7-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე კონსტიტუციურ პროექტსა და პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე მსჯელობა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კანონმდებლებს პრეზიდენტის ვეტოს არსი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ გააცნო.

სხდომას ანა დოლიძის გარდა, პრეზიდენტის მრჩევლები და უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილიც დაესწრო.

იქედან გამომდინარე, რომ უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო არ გაიზიარა, ძალაში ის რეგულაციები შევა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანომ კენჭი 26 სექტემბერს უყარა და ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

საქართველოს ახალი კონსტიტუცია ძალაში 2018 წელს, ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა ძალაში, რომლის გათვალისწინებით, ქვეყანაში პროპორციული სისტემა 2024 წელს ამოქმედდება, ხოლო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ერთჯერადად სამპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდება.

ამას გარდა, ცვლილებებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდება, ხოლო შემდეგ პრეზიდენტს 300 ხმოსანი აირჩევს.