საქართველოს აეროპორტებში, ზამთრის სეზონზე, კვირაში საშუალოდ 340 რეგულარული რეისი შესრულდება
საქართველოს აეროპორტებში, ზამთრის სეზონზე, კვირაში საშუალოდ 340 რეგულარული რეისი შესრულდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2019-2020 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონისთვის ავიაკომპანიების რეგულარული ფრენის განრიგი დაამტკიცა.

სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის ოქტომბრის ბოლო კვირიდან 2020 წლის მარტის ბოლო შაბათამდე, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში, კვირაში საშუალოდ 340 რეგულარული რეისი შესრულდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, კვირის განმავლობაში რეგულარულად შესრულებული რეისების რაოდენობა 375-ს შეადგენდა. ავიარეისები ორი ქართული და 32 უცხოური ავიაკომპანიის მიერ განხორციელდება, მათ შორის არის სამი სატვირთო ავიაკომპანია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები (TBS IATA winter season 2019-2020) განხორციელდება 37 მიმართულებით: ათენი, ალმა-ატა, ამსტერდამი, ანკარა, აქტაუ, ბარსელონა, ბაქო, ბაჰრეინი, ბოლონია, ბრიუსელი, ბერლინი, ბუქარესტი, დელი, დოჰა, დუბაი, ელ-ქუვეითი, ერევანი, ვარშავა, ვენა, თეირანი, თელ-ავივი, კიევი, ლონდონი, მილანი, მინსკი, მიუნხენი, ნურ-სულთანი, პარიზი, პეკინი-ურუმჩი, პრაღა, რიადი, რიგა, სტამბოლი, ტაშკენტი, შარმ ელ შეიხი, შარჟა და ხარკოვი.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები (KUT IATA winter season 2019-2-20) განხორციელდება 30 მიმართულებით: ათენი, ბაზელი, ბარი, ბარსელონა, ბერლინი, ბოლონია, ბრიუსელი, ბუდაპეშტი, გდანსკი, დორტმუნდი, ეინდჰოვენი, ვარშავა, ვილნიუსი, ვენა, ვროცლავი, კატოვიცე, კოპენჰაგენი, კრაკოვი, ლარნაკა, ლონდონი, მარსელი, მემინგენი, მილანი, ნიცა, პარიზი, პოზნანი, პრაღა, რომი, სალონიკი და ტალინი.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან კი, რეგულარული სამგზავრო რეისები (BUS IATA winter season 2019-2020) განხორციელდება ექვსი მიმართულებით, ესენია: ბაქო, თეირანი, თელ-ავივი, კიევი, მინსკი და სტამბოლი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ სატვირთო რეისებს (TBS cargo, IATA winter season 2019-20) განახორციელებენ კომპანიები: Silk Way Airlines, Cargolux და Turkish Cargo შემდეგი მიმართულებებით: ბაქო, ლუქსემბურგი (თბილისიდან – აშხაბადი) და სტამბოლი.