საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 44%-ით გაიზარდა
 საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 44%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში, საქართველოს აეროპორტების რეგულარული და ჩარტერული რეისით 3 816 538 მგზავრმა იქნა გადაყვანილი, რაც 44,48%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 943 417 მგზავრს მოემსახურა, რაც 40.89%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის 11 თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა.

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 59,11%-ით  გაიზარდა და 484 527 მგზავრი მგზავრი შეადგინა.

11 თვეში 55,80%-ით – 136 108 მეტ მგზავრს მოემსახურა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში 6 881 მგზავრს მოემსახურა, რაც 72.80%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის პირველ 11 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა (3 982). ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან ნოემბრის ბოლომდე მათი რაოდენობა 1 687-ს შეადგენს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 5 399-ით მეტი რეისი განხორციელდა. მონაცემები ასე გამოიყურება: სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ – 19 496, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 16 538, ხოლო ჩარტერების 2 958. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 38.30%-ს შეადგენს.

12.93%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2016 წლის 11 თვიან პერიოდში ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 117 549, მიმდინარე წლის განვლილ თვეებში კი საქართველოს საჰაერო სივრცეში 132 747 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.

სატვირთო გადაზიდვების კუთხით, 2016-17 წლების 11 თვის მონაცემებს შორის ასევე ზრდა  დაფიქსირდა – საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 29 895, 652 ტონა შეადგინა, რაც 547 ტონით მეტია, ვიდრე წინა წლის 11 თვეში გადაზიდული ტვირთის ოდენობა.