საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 32 პროცენტით გაიზარდა

11:08, 06.06.2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის ხუთი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტების მიერ რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად, 1  608 124 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 32 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს – 1 220 595 მგზავრი.

მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

2018 წლის ხუთი თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1,327,544 მგზავრს მოემსახურა, რაც 32 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (1,005,584 მგზავრი).

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის 5 თვეში მგზავრთნაკადი საგრძნობლად გაიზარდა და 20 % შეადგინა. თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 142,499 მგზავრს მოემსახურა, წელს ამ მაჩვენებელმა 171,064 მგზავრი შეადგინა.

ამასთან, რეკორდული ზრდის ტემპი შენარჩუნებულია კვლავ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის პირველ 5 თვეში ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 109, 516 მგზავრმა ისარგებლა. რაც 51 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (72,512 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის 5 თვეში 2,150 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის 5 თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 113 რეისი შესრულდა.

მსგავსი