საქართველოს აეროპორტებში ექვს თვეში მგზავრთნაკადი 18 პროცენტით გაიზარდა
საქართველოს აეროპორტებში ექვს თვეში მგზავრთნაკადი 18 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის პირველის ექვსი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 2 489 823 მგზავრს მოემსახურა.

2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი 18.24%-ით (384 131 მგზავრით), ხოლო 2017 წლის პირველ და მეორე კვარტალთან შედარებით 54.59%-ით (879 187 მგზავრით) არის გაზრდილი.

2019 წლის ექვსი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 1 422 რეისით მეტი განხორციელდა ვიდრე გასული წლის პირველ და მეორე კვარტალში. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ იყო – 12 096, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 10 726, ხოლო ჩარტერების 1 370. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 13.32%-ს შეადგენს.

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მონაცემებით, მეორე კვარტალში, საქართველოს აეროპორტებში საჰაერო ხომალდების აფრენა-დაფრენის რაოდენობა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 8.1%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია შიდა ფრენების რაოდენობის მატება, რომელიც EUROCONTROL-ის მონაცემებით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით გაიზარდა. საქართველოს საჰაერო სივრცეში გადამფრენი საჰაერო მოძრაობის ნაკადების რაოდენობა შემცირებულია 11%-ით, რაც პაკისტანი – ინდოეთის კონფლიქტის შედეგად, პაკისტანის საჰაერო სივრცის დახურვით და აზიიდან მომავალი საჰაერო მოძრაობის ნაკადების საქართველოს საჰაერო სივრცის გვერდის ავლით არის განპირობებული.