საქართველოს აეროპორტებში ცხრა თვეში მგზავრთნაკადი ხუთი პროცენტით გაიზარდა
საქართველოს აეროპორტებში ცხრა თვეში მგზავრთნაკადი ხუთი პროცენტით გაიზარდა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის ცხრა თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 4 139 955 მგზავრს მოემსახურა. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი 5.40 პროცენტით, 212 090 მგზავრით არის გაზრდილი.

სააგენტოს ცნობით, დაფიქსირებული მაჩვენებელი დაახლოებით 9-10 პროცენტით ჩამორჩება საპროგნოზო მონაცემებს მოცემული პერიოდისთვის (მგზავრთნაკადის ზრდის ცხრა თვის ჯამური მაჩვენებელი დაახლოებით 14-15 პროცენტი უნდა ყოფილიყო), რაც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას უკავშირდება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ცხრა თვეში 2 971 398 მგზავრს მოემსახურა, რაც 0.68 პროცენტით (20 180 მგზავრით) მეტია, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა.

იანვარ-სექტემბერში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 524 068 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 2.01 პროცენით (10 336 მგზავრით) მეტია 2018 წლის 9 თვეში დაფიქსირებულ მგზავრთა რაოდენობაზე.

2019 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 39.79 პროცენტით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 629 618 მგზავრი – 179 201 მგზავრით მეტი ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის ცხრა თვის განმავლობაში 6 497 მგზავრს მოემსახურა, რაც 1 093 მგზავრით, შესაბამისად 20.23 პროცენტით მეტია ვიდრე გასული ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ ცხრა თვეში 1 519 მგზავრი მიიღო, რაც 193 მგზავრით მეტია (15 პროცენტი) ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

2019 წლის განვლილი ცხრა თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 512 რეისით მეტი განხორციელდა ვიდრე გასული წლის სამ კვარტალში. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ იყო – 19 307, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა 16 901-ია, ხოლო ჩარტერების 2 406. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 2.72 პროცენტს შეადგენს.

უმნიშვნელო კლება დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხით. მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 18 507.686 ტონა შეადგინა, რაც 380.08 ტონით, შესაბამისად, 2.01 პროცენტით ნაკლებია ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაზიდული ტვირთის ოდენობა.

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს აეროპორტებში საჰაერო ხომალდების აფრენა-დაფრენის რაოდენობა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 13 პროცენტით შემცირდა, რაც ასევე საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას უკავშირდება. აღსანიშნავია შიდა ფრენების რაოდენობის მატება, რომელიც ორგანიზაციის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.6 პროცენტით გაიზარდა.

2019 წლის განვლილ პერიოდში, საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემდეგი ავიაკომპანიები შემოვიდნენ: AIR FRANCE; Air Malta; SmartLynx Airlines (ჩარტერული რეისები); GetJet  (ჩარტერული რეისები); Onurair (ჩარტერული რეისები); Uzbekistan Airways და Aircompany Armenia.