საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ირაკლი ქარქაშაძე უხელმძღვანელებს
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ირაკლი ქარქაშაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ირაკლი ქარქაშაძე უხელმძღვანელებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებს კომპანიის ახალი დირექტორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა წარუდგინა.

როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, ირაკლი ქარქაშაძეს სამოქალაქო ავიაციის სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება და პროფილური განათლება აქვს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ახალი დირექტორი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ავიაციის განვითარებაში,“ – განაცხადა ახალი ხელმძღვანელის წარდგენისას მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ქარქაშაძეს ავიაციის სფეროში მუშაობის შვიდ წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. მას გავლილი აქვს ავიაციის ინდუსტრიაში წამყვანი კრემსის (ავსტრია) უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა (MBA) საავიაციო მენეჯმენტში. ასევე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორი. მისი სადისერტაციო ნაშრომია „ავიაკომპანიის ლოგისტიკის მენეჯმენტის ბიზნესპროცესების ავტომატიზაცია“. ირაკლი ქარქაშაძე არის პარიზის SKHEMA ბიზნესსკოლის საერთაშორისო მარკეტინგისა და ბიზნესგანვითარების მაგისტრი, ასევე ფლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამრეწველო ინჟინერიისა და მენეჯმენტის ბაკალავრის ხარისხს. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ნიუ იორკის Candor High School-ში. ბოლო დრომდე ირაკლი ქარქაშაძე ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილედ მუშაობდა.

აეროპორტების გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა, რომელიც საქმიანობას ზედამხედველობას უწევს.