საქართველოს აეროპორტების გაერთიანება - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი „ვიზეარის“ ბაზირების აეროპორტად რჩება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი „ვიზეარის“ ბაზირების აეროპორტად რჩება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ ავიაკომპანია „ვიზეარი“ საქართველოს ბაზრიდან გადის.

თამარ არჩუაძის განმარტებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავიაკომპანია „ვიზეარის“ ბაზირების აეროპორტად რჩება.

აღინიშნა, რომ „ვიზეარი“ საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლას მაშინვე განაახლებს, როგორც კი საქართველო საერთაშორისო რეგულარული ფრენებისთვის გაიხსნება, ეს ყველაფერი კი იმ ქვეყნებში არსებულ ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული, სადაც ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ ფრენებს ახორციელებს.

„ხომალდის ბაზირების თემა ავიაკომპანიისა და აეროპორტის ურთიერთანამშრომლობის საგანია, რომელსაც მგზავრი საკუთარ თავზე ვერ გრძნობს. როგორც კი საქართველოდან საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები მოიხსნება, ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისიდან ოპერირებას განაახლებს. ავიაკომპანია რეისებს განახორციელებს იმ მიმართულებებზე, რა მიმართულებებზეც ფრენები იქნება დაშვებული. ეს ყველაფერი კი ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული “, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.

რაც შეეხება ბაზებს, არჩუაძის განმარტებით, წმინდა ტექნიკური მექანიზმია, თუ სად ჰყავს საჰაერო ხომალდი ავიაკომპანიას.

„პანდემიის პერიოდში, ვიზეარის საჰაერო ხომალდები კომპანიის ცენტრალურ ბაზაზე, ბუდაპეშტში განთავსდა, ხოლო ფრენების განახლების შემდეგ, ბაზირებული საჰაერო ხომალდები ეტაპობრივად ბრუნდება იმ ქვეყნებში, სადაც კომპანიას ბაზა გააჩნია. შემცირებული ფრენების ფონზე არამხოლოდ „ვიზეარი“, არამედ მსოფლიოს სხვა ავიაკომპანიები, იღებენ გადაწყვეტილებას, რომ თვითმფრინავები ჰყავდეთ მაქსიმალურად დატვირთულ წერტილში, ანუ იქ, სადაც საჰაერო ხომალდი 24 საათის განმავლობაში იქნება დატვირთული“, – განმარტავს არჩუაძე.

დღეს განცხადება გაავრცელა თავად ავიაკომპანიამაც, რომელშიც ნათქვამია, რომ „ვიზეარი“ გამოხატავს მზაობას, შეასრულოს ფრენები საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის, როგორც კი აღდგება რეგულარული კომერციული ფრენები.