საქართველოს 7-8 ოქტომბერს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ეწვევა
საქართველოს 7-8 ოქტომბერს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ეწვევა

საქართველო უკვე მეოთხედ უმასპინძლებს ნატო-ს სამხედრო კომიტეტს ახალი თავმჯდომარის, ადმირალ ბაუერის მეთაურობით.

როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

„ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნობიან რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ერთობლივ სხდომაზე თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე, ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო პრიორიტეტებზე, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების პოლიტიკაზე იმსჯელებენ“, – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

მათივე ცნობით, დაგეგმილია ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან, სადაც თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და ნატო-სთან სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრებენ.

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრებიან, სადაც ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ თავდაცვის ძალების საწვრთნელ შესაძლებლობებს, ახალ ინფრასტრუქტურასა და სისტემებს გაეცნობიან.