საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ალბანეთის გუნდი 60-ქულიანი სხვაობით დაამარცხა
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ალბანეთის გუნდი 60-ქულიანი სხვაობით დაამარცხა

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონს ან მე-13 ან მე-14 ადგილზე დაასრულებს.

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ტურნირის ბოლო მატჩში ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის შეგირდები ხვალ ესტონელ თანატოლებს შეხვდებიან და გამარჯვებული მე-13 ადგილს დაიკავებს.

ქართველმა კალათბურთელებმა დღეს საკვალიფიკაციო მატჩში ალბანეთი დაამარცხეს. ჩერქეზიშვილის გუნდმა ბალკანელებს ძალიან იოლად და დიდი ანგარიშით 104:44 მოუგო. საქართველოს ნაკრებში ტრავმირებული ლადო ფირცხვანიძის გარდა ყველამ ითამაშა. სარგებლიანობის კოეფიციენტით საუკეთესო იყო გიორგი კორსანტია, რომელმაც 14 ქულა, 12 მოხსნა, 4 დაფარება და 3 პასი მოაგროვა. ორმაგი დუბლი შეასრულა დავით აფხაზავამ – 13 ქულა, 10 პასი – და სანდრო მამუკელაშვილმა – 14 ქულა, 10 მოხსნა.

საქართველოსა და ესტონეთის მატჩი 22 ივლისს თბილისის დროით 14:45 საათზე გაიმართება.