საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ბანიკოვის თასზე მესამე ადგილისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა კიევში მიმდინარე „ბანიკოვის თასი -2021“-ზე წარმატებით ითამაშა და მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.
თურქეთთან დასანანი მარცხისა (1:2) და უზბეკეთთან მოგების (4:3) შემდეგ გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილები სლოვაკეთს დაუპირისპირდნენ. ობუხოვის სტადიონზე გამართულ მატჩში საქართველოს ნაკრები უპირატესობას ფლობდა და მეტოქე დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა. სლოვაკეთის ნაკრების კარში გოლები გაბრიელ სიგუამ და ლუკა პარკაძემ გაიტანეს.
ამ მოგებით, საქართველოს ნაკრებმა 3 მატჩის შემდეგ 6 ქულა დააგროვა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. პირველზე თურქეთი გავიდა, რომელიც ხვალ ფინალში მასპინძელ უკრაინას დაუპირისპირდება, ხოლო საქართველოს ნაკრებს მესამე ადგილისთვის „ა“ ჯგუფის მეორეადგილოსანი ბულგარეთი შეეცილება. ჩიტაურის გუნდი მატჩს ისევ ობუხოვის სტადიონზე გამართავს.