საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ამხანაგურ მატჩში სლოვაკეთთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველო 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა „მიხეილ მესხის არენაზე“ ამხანაგურ მატჩში სლოვაკეთის ნაკრებს უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.
სლოვაკეთთან მატჩებში, გიორგი ჩიტაურის გუნდს „დინამო თბილისისა“ და თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელები დააკლდნენ, რომლებმაც ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირზე ითამაშეს.
17-წლამდე ნაკრები ოქტომბერში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. ჯგუფში ჩვენი გუნდის მეტოქეები მასპინძელი სლოვენია, ასევე პოლონეთი და სომხეთი იქნებიან.
17-წლამდელები სლოვაკებთან მეორე მატჩს 29 აგვისტოს, „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართავენ. საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე გუნდი საქართველოში კიდევ ერთ შეკრებას გაივლის და 8 და 10 სექტემბერს მოლდოვის ნაკრებს ეთამაშება.