საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაიწყო – ტატა მატვეევას გუნდმა ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
თბილისში, სფფ-ის „ბასას“ ტექნიკურ ცენტრში გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში ქართველმა ფეხბურთელებმა მიხალ გოგოლაძისა (23) და ნატალია გუგულაშვილის (37) გოლებით ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს.
შესვენების შემდეგ სტუმრებმა ლანა სპასოვსკას (49) გოლით სხვაობა შეამცირეს, თუმცა 76-ე წუთზე მარიამ გასანოვას ჩაწოდების შემდეგ ტამარა ატანასოვსკამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
B ლიგის მეოთხე ჯგუფის მეორე შეხვედრაში, რომელიც თბილისის ზღვის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა, უელსმა ლუქსემბურგს 3:0 სძლია და საქართველოსთან ერთად ჯგუფში გალიდერდა.
28 ოქტომბერს საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები სწორედ უელსს უმასპინძლებს. შეხვედრა „ბასას“ საფეხბურთო ცენტრში 16:00 საათზე დაიწყება.
2026/27 წლების სეზონის მეორე რაუნდისთვის A ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანი გუნდიც მოიპოვებს.