საქართველოს 12 უნივერსიტეტისთვის ერთობლივი კვლევითი პლატფორმა და პორტალი შეიქმნება  
საქართველოს 12 უნივერსიტეტისთვის ერთობლივი კვლევითი პლატფორმა და პორტალი შეიქმნება  

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ერასმუს+ქეიეი2“ (ერასმუს+ KA2) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი პროექტის – „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა” შესახებ პირველი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრის მონაწილეები პროექტის პირველ ფაზას განიხილავენ, პირველი წლის განმავლობაში განსახორციელებელ ღონისძიებებს დაგეგმავენ და მოსალოდნელ შედეგებზე, გამოწვევებსა და რისკებზე შეთანხმდებიან. ასევე, დეტალურად განიხილავენ პროექტის ადმინისტრირებისა და განხორციელების გზებს.

პროექტის ხანგრძლივობა ორი წელია. მისი ძირითადი მიზანია წევრი უნივერსიტეტების კვლევითი სამსახურების მოდერნიზაცია, კვლევითი პოტენციალისა და ხარისხის გაზრდა, სწავლებისა და კვლევის კომპონენტების ინტეგრირება ინსტიტუციურ დონეზე. აღნიშნული მიზნის მისაღწევად დაგეგმილია საქართველოს 12 უნივერსიტეტისთვის ერთობლივი კვლევითი პლატფორმისა და საქართველოს კვლევითი ინტერნეტპორტალის შექმნა; კვლევების მენეჯმენტისა და მონაცემთა ანალიზის დამუშავებისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესება ადმინისტრაციული პერსონალისთვის; წევრ უნივერსიტეტებში კვლევის პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობა. სესიები 27-28 თებერვალს გაიმართება.

პროექტის კონსორციუმი 17 სრული და სამი ასოცირებული პარტნიორისგან შედგება, მათ შორისაა: საქართველოს 12 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ხუთი სამთავრობო სააგენტო და სამი ევროპული უნივერსიტეტი.