საქართველომ ყაზახეთში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
საქართველომ ყაზახეთში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ყაზახეთში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში  – KITF მიიღო მონაწილეობა.

გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, რამდენიმე მუნიციპალიტეტი და 11 კომპანია იყო წარდგენილი.

გამოფენამდე ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება ყაზახეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მოეწყო. შეხვედრას 40-დე ყაზახი ტურისტური ოპერატორი, ჟურნალისტი და ბლოგერი დაესწრო.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყაზახეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის ოთხ თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყაზახეთიდან საქართველოში 54.9 პროცენტით მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა.