საქართველომ ყაზახეთის ვალის ნაწილი, 11.5 მილიონი დოლარი დაფარა
საქართველომ ყაზახეთის ვალის ნაწილი, 11.5 მილიონი დოლარი დაფარა

საქართველომ ბოლო ორ წელიწადში ყაზახეთის ვალის ნაწილი, 11.5 მილიონი აშშ დოლარი გაისტუმრა. ამის შესახებ ყაზახური საინფორმაციო სააგენტოები ქვეყნის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყებიან.

სამინისტროს ცნობით, ვალის გადახდა დადგენილი გრაფიკით ხდება. შემდეგი ჩარიცხვა, 1.67 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით 30 დეკემბერსაა დაგეგმილი.

როგორც პირველი არხი 2017 წლის დეკემბერში წერდა, ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს ვალის რესტრუქტურიზაცია მოხდა. ვალი შემცირდა და დარჩენილი თანხის გადახდის ვადები დაზუსტდა.

საქართველოს მთავრობას ყაზახეთის ვალი 1992-1993 წლების შემდეგ აქვს. მაშინ თანხა ეროვნულმა ბანკმა ისესხა, თუმცა შემდეგ სახელმწიფო კრედიტად გაფორმდა. მოლაპარაკება ყაზახეთთან ვალის რესტრუქტურიზაციაზე 2001 წლიდან მიმდინარეობდა და მხოლოდ 2016 წელს დასრულდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 30 სექტემბრის მონაცემებით, ყაზახეთის წინაშე ვალის დარჩენილი მოცულობა 18,685 მილიონი აშშ დოლარია.