საქართველომ საფრანგეთთან იბრძოლა, მაგრამ წააგო
საქართველომ საფრანგეთთან იბრძოლა, მაგრამ წააგო

ფრენბურთში ქალებს შორის ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე მესამე ტური გაიმართა. საქართველოს ნაკრები სტუმრად ქალაქ ბელფორტში D ჯგუფის ლიდერს, საფრანგეთის ნაკრებს ხვდებოდა, რომელსაც წინა ორ მატჩში არც ერთი სეტი არ ჰქონდა წაგებული.

პაატა ულუმბელაშვილის გუნდმა პირველი ორი სეტი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა და ახლოს იყო თუნდაც ერთი სეტის მოგებასთან. პირველ პარტიაში საქართველოს ნაკრები 19:15-ს იგებდა, მაგრამ ზედიზედ ექვსი ქულა გაუშვა და ინიციატივა მეტოქეს დაუთმო.

მეორე სეტშიც ჩვენი გუნდი 14:11 იყო დაწინაურებული და ისევ გამოეპარა მეტოქის გაქცევა. მესამე სეტში მასპინძლებს პრობლემა აღარ შექმნიათ და საბოლოოდ, სამ სეტში მოიგეს – 3:0 (25:21, 25:22, 25:13).

მესამე ტურის მეორე მატჩში პორტუგალიამ შინ დანიას 3:0 მოუგო და ახლა, საფრანგეთი ცხრა ქულით პირველ ადგილზეა, პორტუგალიას ექვსი ქულა აქვს, საქართველოს – სამი. ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გადის.

საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 25 აგვისტოს, შინ საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 16 საათზე თბილისის ფრენბურთის ახალ არენაზე გაიმართება.