საქართველომ გლობალური კეთილდღეობის ინდექსში სარეიტინგო ქულა გაიუმჯობესა
საქართველომ გლობალური კეთილდღეობის ინდექსში სარეიტინგო ქულა გაიუმჯობესა

საქართველომ გლობალური კეთილდღეობის ინდექსში სარეიტინგო ქულა გაიუმჯობესა და ამით ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საქართველომ შეფასების 100-პროცენტიანი სკალიდან 61.8 პროცენტი მიიღო.

კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, ასევე უსწრებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ყველას, გარდა ბალტიისპირეთისა.

„საქართველომ ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული აღიარება მოიპოვა – ანგარიშში საქართველოს სპეციალური თავი მიეძღვნა, კერძოდ ჩვენი ქვეყანა ღია აღმშენებლობის, მდგრადი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკების მიღწევებს შორის პროგრესის ყველაზე დამაჯერებელ უახლეს მაგალითად დასახელდა“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

ორგანიზაცია Legatum Institute გლობალურ კეთილდღეობას 12 აგრეგატის მიხედვით აფასებს: დაცულობა და უსაფრთხოება, პერსონალური თავისუფლება, მმართველობა (მთავრობის ეფექტიანობა), სოციალური კაპიტალი, საინვესტიციო გარემო, სამეწარმეო კონდიცია, ბაზარზე წვდომა და ინფრასტრუქტურა, ეკონომიკის ხარისხი, საცხოვრებელი პირობები, ჯანმრთელობა, განათლება, ბუნებრივი გარემო (ეკოლოგია).