საქართველომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის ანგარიში წარადგინა
საქართველომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის ანგარიში წარადგინა

საქართველომ, გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელების შესახებ რიგით მეორე ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის (VNR) ანგარიში წარადგინა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ეროვნული მიმოხილვა მოიცავს 2015-2019 წლების საანგარიშო პერიოდს და სამთავრობო პროგრამის კვალდაკვალ სამი პრიორიტეტული მიმართულებით წარიმართა – ეკონომიკური განვითარება, ადამიანური კაპიტალის განვითარება/სოციალური კეთილდღეობა და დემოკრატიული მმართველობა. ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს პროგრესის დეტალური ანალიზი და მიმოხილულია ქვეყნის მიღწევები, საუკეთესო გამოცდილებები და გამოწვევები.

მდგრადი განვითარების მიზნები არის გაერო-ს მიერ შემუშავებული გლობალური განვითარების დღის წესრიგი და მოიცავს 2030 წლისთვის მისაღწევ 17 მიზანსა და 169 ამოცანას. მათ შორისაა – სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა, ჯანმრთელობისა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა, უთანასწორობის შემცირება, კლიმატისა და ეკოსისტემების მდგრადობა, სამართლიანობისა და ძლიერი ინსტიტუტების ჩამოყალიბება. საქართველო მდგრადი განვითარების 2030 დღის წესრიგს 2015 წელსვე შეუერთდა და მისი განხორციელების პროცესს კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის ანგარიშს საქართველოს მთავრობა გაერო-ში ოთხ წელიწადში ერთხელ წარადგენს.

ანგარიში ხელმისაწვდომია ვებგვერდზე – sustainabledevelopment.un.org.

 

დატოვე კომენტარი