საქართველომ დევისის თასზე პირველი მატჩი წააგო
საქართველომ დევისის თასზე პირველი მატჩი წააგო

ლუქსემბურგში დევისის თასზე ადგილობრივი და საქართველოს ნაკრებების მატჩი დაიწყო. შეხვედრაში გამარჯვებული ევროპა-აფრიკის ზონის მეორე ჯგუფში ადგილს შეინარჩუნებს, დამარცხებული კი მესამე ჯგუფში დაქვეითდება.

საქართველოს ნაკრები თავისი ლიდერის ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე თამაშობს, რომელსაც მიკროტრავმა აწუხებს. ამის გამო, მატჩის ფავორიტი ლუქსემბურგია.

პირველ სათამაშო დღეს, პირველები კორტზე ლუქსემბურგელთა ლიდერი, მსოფლიოს 29-ე ჩოგანი ჟილ მიულერი და 17 წლის ზურა ტყემალაძე გავიდნენ, რომელსაც ATP-ში რეიტინგი არ გააჩნია.

როგორც მოსალოდნელი იყო, 34 წლის მიულერმა იოლად მოუგო ქართველ ჩოგბურთელს – საათსა და 8 წუთში 6:3, 6:2 დააფიქსირა. მასპინძელმა პირველ სეტში ერთი ბრეიკის წყალობით მოიგო, რომელიც მეოთხე გეიმში შეასრულა, მეორეში კი ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.

ტყემალაძეს მეტოქის გეიმის მოგების ერთი შანსიც არ ჰქონია. ქართველმა მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ 12 ქულა აიღო მიულერის მოწოდებაზე.

დღის მეორე მატჩში გიორგი ცივაძე და უგო ნასტასი შეხვდებიან ერთმანეთს.

დატოვე კომენტარი