საქართველომ და კორეის რესპუბლიკამ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პაქტს ხელი მოაწერეს
საქართველომ და კორეის რესპუბლიკამ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პაქტს ხელი მოაწერეს

საქართველომ და კორეის რესპუბლიკამ (სამხრეთ კორეამ) ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პაქტს ხელი მოაწერეს.

სამხრეთ კორეული მედიის ცნობით, სეულში დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლი ტაე-ჰომ.

პაქტი გზას უხსნის ერთობლივი პროექტების განხორციელებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტურიზმი, მრეწველობა, ასევე ორ ქვეყანას შორის ადამიანური კონტაქტების განვითარებას. სამხრეთ კორეის მთავრობის ცნობით, დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ერთობლივი კომიტეტის შექმნას შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებისთვის.

„საქართველოსთან შეთანხმების ხელმოწერით ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება არის მოსალოდნელი. ეს ხელს შეუწყობს სამხრეთ კორეულ ფირმებს საქართველოში ბიზნესის დაწყებაში“, – ნათქვამია სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც სააგენტო „იონჰაპი“ ავრცელებს.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ორმა ქვეყანამ გადაწყვიტა, დაიწყონ მოლაპარაკებები საინვესტიციო შეთანხმების გასაფორმებლად. 

დატოვე კომენტარი