საქართველომ და ლიეტუვამ კიბერუსაფრთხოების სფეროში დეკლარაცია გააფორმეს
საქართველომ და ლიეტუვამ კიბერუსაფრთხოების სფეროში დეკლარაცია გააფორმეს

ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ლიეტუვას შორის გაფორმდა კიბერუსაფრთხოების სფეროში განზრახულობათა დეკლარაცია.

საქართველოს მხრიდან დეკლარაციას ხელი თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მოაწერა, ხოლო ლიეტუვის მხრიდან ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა რაიმონდას კარობლისმა. ხელმოწერის პროცესს ლიეტუვისა და საქართველოს პრეზიდენტებიც დაესწრნენ.

დოკუმენტის ხელმოწერამდე საქართველოს პრეზიდენტსა და ქართულ დელეგაციას ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ და თავდაცვის მინისტრმა კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ცენტრში უმასპინძლეს და ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს სააგენტოს მონახულების საშუალება ჰქონდათ.

დღესვე, საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვის ხელნაწერთა სახლს მოინახულებს და გაეცნობა 16 თებერვლის „ლიეტუვის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციას”. ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი ქართველ სტუდენტებს შეხვდება, რომლებიც ვილნიუსის უნივერსიტეტში სწავლობენ.

სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი ლიეტუვაში დღეს სრულდება.