საქართველომ და გერმანიამ საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს
საქართველომ და გერმანიამ საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰაიკე ფაიჩიმ „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეთანხმების ხელმოწერა მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობის პროცესში გაცვლილი და შექმნილი საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების ჩამოყალიბებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და გერმანიის მიერ საერთო თუ მსოფლიო გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირების მოხდენას.

„შეიქმნება მყარი სამართლებრივი საფუძველი ორ ქვეყანას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის კუთხით როგორც უსაფრთხოებისა და სამართალდაცვით, ასევე, საგარეო ურთიერთობებისა და სხვა სფეროებში.

შეთანხმების ხელმოწერა ხელს შეუწყობს საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და განმტკიცებას“,- აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.