საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონია მესამე კალათის მიღმა დატოვა
საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონია მესამე კალათის მიღმა დატოვა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია შეაჩერა – ვლადიმირ ვაისის გუნდის გამო, ბალკანელები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისყრის დროს ისევ მეოთხე კალათაში იქნებიან – ამის შესახებ ჩრდილომაკედონიური გამოცემა „სპორტმედია“ წერს.

„ჩვენი ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისყრისას კვლავ მეოთხე კალათაში იქნება. ერთა ლიგის ც2 ჯგუფში ესტონეთთან და საქართველოსთან ფრედ დასრულებული შეხვედრების შემდეგ, გუნდმა წილისყრის დროს რანგით მაღალ, მესამე კალათაში დაწინაურების ყველა შანსი დაკარგა“, – წერს გამოცემა „სპორტმედია“.

ახლა მესამე კალათში მოსახვედრად ბოსნია-ჰერცოგოვინა და საბერძნეთი იბრძვიან. საბერძნეთის ნაკრები ოთხი ტურის შემდეგ C3 ჯგუფში 8 ქულით მესამე ადგილზეა. უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში ბოსნია-ჰერცოგოვინა იყო, რომელიც A1 ჯგუფში გამოდის, მაგრამ მხოლოდ ორი ქულა აქვს და დიდი ალბათობით, ისიც მეოთხე კალათაში დარჩება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების ორივე შეხვედრა ფრედ და ერთნაირი ანგარიშით დასრულდა – 1:1 დაფიქსირდა თბილისშიც და სკოპიეშიც. გუნდები ერთა ლიგის C2 ჯგუფის ლიდერები არიან. ამას გარდა, ერთმანეთს 12 ნოემბერს თბილისის „დინამო-არენაზე“ ევრო2020-ის პლეი ოფის ფინალში შეხვდებიან და ევროპის ჩემპიონატის საგზურს გაითამაშებენ.