საქართველომ ბელარუსთან ფრედ ითამაშა
საქართველომ ბელარუსთან ფრედ ითამაშა

წლის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრები ქუთაისში ბელარუსს დაუპირისპირდა – უხვგოლიანი მატჩი საბოლოოდ ფრედ, 2:2 დასრულდა.

24-ე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ: სწრაფი კონტრშეტევა ბელარუსების კაპიტანმა იგორ სტასევიჩმა დააგვირგვინა – 0:1.

საქართველომ წონასწორობა 35-ე წუთზე აღადგინა: კუთხურის გათამაშების შემდეგ ბელარუსების კარი რთული პოზიციიდან ეროვნული ლიგის ბომბარდირმა ირაკლი სიხარულიძემ აიღო და ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა – 1:1.

მეორე ტაიმში საქართველო სწრაფად დაწინაურდა და ისევ კუთხურის გათამაშების შემდეგ: 49-ე წუთზე ლაშა შერგელაშვილის მოწოდებულ ბურთს სტუმართა კარში ადგილი ნაკრებში დაბრუნებულმა პოლონური “პოგონის” მცველმა ლაშა დვალმა მიუჩინა – 2:1.

საქართველოს ამის შემდეგ სხვაობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ ჯაბა კანკავამ და გიორგი ქვილითაიამ შესაძლებლობებით ვერ ისარგებლეს. 65-ე წუთზე კი ბელარუსების კონტრშეტევა პაველ ნეხაიჩიკმა გოლით დაასრულა – 2:2 და საბოლოოდ, მატჩი ასეც დასრულდა.